Nodar Baramidze - 90 Cover Image

ნოდარ ბარამიძე - 90
Nodar Baramidze - 90

Author(s): Emzar Makaradze
Subject(s): Essay|Book Review |Scientific Life
Published by: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარული მეცნიერებატა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის „ელექტრონული ჟურნალი“.
Keywords: Nodar Baramidze;

Summary/Abstract: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგსა და მეცნიერს, ისტორიკოს ნოდარ ბარამიძეს, დაბადებიდან 90 ხოლო პედაგოგიური საქმიანობის 65 წელი შეუსრულდა. ბატონი ნოდარი გურიაში კარგად ცნობილი სახალხო მასწავლებლის ანტონ ბარამიძის შვილია, რომელიც პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, ტყვედ ჩავარდა, დემობილიზაციის შემდეგ კი გურიაში დაბრუნდა და ჯერ კონჭკათში, პაპავების გახსნილ სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა, შემდეგ შემოქმედის №2 საშუალო სკოლაში დანიშნეს სასწავლებლის გამგედ. ასეთ ოჯახში მოევლინა ქვეყნიერებას 1930 წლის 7 იანვარს ნოდარ ბარამიძე და იმთავითვე დაებედა, რომ მამის კვალზე უნდა ევლო მთელი ცხოვრება. საიუბილეო წერილები ბიოგრაფიული ელემენტების გარეშე წარმოუდგენელია. ტრადიციას ვერც აქ დავარღვევთ და მკითხველს ზოგად შტრიხებში გავაცნობთ ნოდარ ბარამიძის საინტერესო ცხოვრების ზოგიერთ დეტალს. 1949 წელს იგი სტუდენტი გახდა. თავიდან მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, შემდეგ განათლების სამინისტრომ გადაანაწილა და სწავლა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა, სადაც მაშინ არაერთი საქვეყნოდ აღიარებული მეცნიერი კითხულობდა ლექციებს, მათ შორის: სიმონ ყაუხჩიშვილი, მამია დუმბაძე, პანტელეიმონ ბერაძე, ნიკო ჭეიშვილი და ა. შ. მათ გაუღვივეს ცოდნას მოწყურებულ ყმაწვილს მეცნიერული კვლევის ინტერესი, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა კიდეც მისი ცხოვრების გეზი. 1954 წელს, კურსის დასრულების შემდეგ ნოდარ ბარამიძემ ბათუმის სახელმწიფო პედინსტიტუტში დაიწყო მუშაობა, ჯერ პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის, შემდეგ დაწყებითი განათლების პედაგოგიკა-მეთოდიკის და ბოლოს მსოფლიო ისტორიის კათედრაზე. დღეს სამეცნიერო მოღვაწეობის დაწყებიდან 65 წლის შემდეგ, მკვლევარს შეუძლია, ვალმოხდილი ადამიანის უპრეტენზიო კმაყოფილებით შეაფასოს საკუთარი მონაგარი. მონაგარი კი, არც რაოდენობრივი, არც შინაარსობრივი თვალსაზრისით არ განეკუთვნება მოკრძალებულთა კატეგორიას. თავად განსაჯეთ, ათზე მეტი სამეცნიერო გამოკვლევა, ასზე მეტი სტატია, რეცენზია და წერილი. თვითონ რომ ჰკითხოთ, გამორჩევა გაუჭირდება, კოლეგა ისტორიკოსები კი განსაკუთრებით გამოყოფენ ისეთ ნაშრომებს, როგორებიცაა: ,,სახალხო განათლების ისტორიიდან გურიაში“, „გურიის გლეხთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რევოლუციური მოძრაობა 1900-1921 წლებში“. „სამოქალაქო ომის გმირი ნესტორ კალანდარიშვილი“ და ა. შ. თავის დროზე ნოდარ ბარამიძემ საყურადღებო რეცენზიები გამოაქვეყნა ვ. სიხარულიძის, პ. ცქვიტარიას, დ. დიასამიძის, ალ. გობრონიძის, ლ. შარაშენიძის და სხვა ცნობილ მკვლევართა ნაშრომებზე. მის კალამს, პროფ. აბელ სურგულაძესთან თანაავტორობით, ეკუთვნის საინტერესო სტატიები აკად. ნ. ბერძენიშვილის, მამია დუმბაძისა და კუკური ლილუაშვილის მეცნიერული მემკვიდრეობის შესახებ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანი, რომელიც ცხოვრებას ძირითადად ახალგაზრდების გარემოცვაში ატარებს გვიან ბერდება და ჭარმაგობაშიც ინარჩუნებს ჭაბუკურ მუხტს. ალბათ, ამიტომაც შეინარჩუნა ნოდარ ბარამიძემ ახალგაზრდული მუხტი და მისი შემხედვარე, ძნელად დაიჯერებთ, რომ ამ ენერგიით სავსე ადამიანმა უკვე მეცხე ათწლეული შეასრულა და მის მხრებს განათლების სისტემაში მუხჩაუხრელი, მოღვაწეობის 65 წლიანი ტვირთი ამძიმებს. ნოდარ ბარამიძე ერუდირებული, მაღალკვალიფიცირებული ლექტორია. წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს დაწყებითი განათლების განყოფილებაზე, ძველი და ანტიკური ქვეყნების, რუსეთისა და აზია-აფრიკის ქვეყნების, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიაში. აქვე შეიძლება გავიხსენოთ მისი მოღვაწეობა საზოგადოება „ცოდნასა“ და მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გარდა იგი წლების განმავლობაში იყო აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შტატგარეშე ინსპექტორი და კეთილსინდისიერად ასრულებდა ხელმძღვანელი ორგანოების საპასუხისმგებლო დავალებებს, სწორედ ამ საქმიანობისთვის მიიღო მან არაერთი ჯილდო, მათ შორის განათლების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება. ბატონი ნოდარი დიდებულ მაგალითს წარმოადგენს ბევრი ახალგაზრდა კოლეგისთვის. ნოდარ ბარამიძე ბათუმის უნივერსიტეტის ცოცხალი მემატიანეა. მის თვალწინ განვლო ამ უმაღლესი სასწავლებლის 13 რექტორის საქმიანობამ. თითოეულ მათგანზე შეუძლია საათობით ისაუბროს, რომლებმაც გამორჩეული კვალი დაატყვეს უმაღლეს სასწავლებელს. ასობით სპეციალისტის აღმზრდელ, ღვაწლმოსილ პედაგოგს 2010 წელს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. მისი იუბილე გულთბილად აღინიშნა უნივერსიტეტში. ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისა და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, ნოდარ ბარამიძე დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით, მინიჭებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება. ასე მიდის ერთი უანგარო, დამსახურებული და უპრეტენზიო მოქალაქის, ნოდარ ბარამიძის ცხოვრება, მიდის და რაც მთავარია, მიდის რეპეტიციის გარეშე. მრავალჟამიერ ბატონო ნოდარ! ნოდარ ბარამიძე სტუდენტებზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცია, ყველაფერი შეუძლია აპატიოს მათ, ყველაფერი... ერთი რამის გარდა. ეს „ერთი რამე“ პასიურობაა. ოთხმოცდაათი წლის ვეტერანს გული სწყდება, რომ სტუდენტთა დღევანდელი თაობის გარკვეული ნაწილი საზოგადოებრივ აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობას არ იჩენს. „ახალგაზრდა, რომ სრულ კურსს დაამთავრებს და მერე სახელის გახსენება გაგიჭირდება, ეს მისი, როგორც მომავალი მოქალაქის პორტრეტზე კარგს არას მეტყველებსო“-იტყვის ხოლმე იგი. თვით ეს შეფასებაც საინტერესო შტრიხია ნოდარ ბარამიძის, როგორც მარად ჭაბუკად შთენილი ვეტერანის დასახასიათებლად. ბატონო ნოდარ, თქვენ ბრძანდებით ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგი. თქვენ რჩებით ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორ–მასწავლებლებისათვის ქართველ კაცობისა და ჭეშმარიტი მოქალაქის სიმბოლო და მაგალითი. თქვენ 2020 წლის 7 იანვარს დაბადებიდან 90 წელი შეგისრულდებათ. ბატონო ნოდარ გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს და გისურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ერისა და ქვეყნის სამსახურში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.